თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი რომის აგოსტინი ჯემელის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდება, იუწყება ვატიკანის პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, პაპს პოსტოპერაციული თიაქარი აწუხებს, რომელიც მტკივნეულ და სუბოკლუზიურ სინდრომებს იწვევს.
„საერთო აუდიენციის შემდეგ პაპი ფრანცისკი Agostino Gemelli-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წავიდა, სადაც მუცლის კედლის ლაპაროტომია და მუცლის კედლის ოპერაცია ჩაუტარდება საერთო ანესთეზიის ქვეშ“, — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მოსალოდნელია, ფრანცისკი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება — სანამ ოპერაციის შემდეგ ორგანოთა ფუნქციები სრულად არ აღდგება.
როგორც ცნობილია, 86 წლის პონტიფიკოსს არაერთი ქრონიკული დაავადება აწუხებს. მუხლის პრობლემების გამო ის ეტლით მოძრაობს, 2021 წელს კი ნაწლავების ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო ფრანცისკ I არ გამორიცხავდა, რომ ნებაყოფლობით დატოვებდა თანამდებობას, თუ იგრძნობდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვალეობების სრულფასოვნად შესრულების საშუალებას აღარ აძლევდა.