ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის ფინანსური აუთსორსინგის სახელმძღვანელო შეიმუშავა

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციების მიერ ღრუბლოვანი რესურსების აქტიური განვითარების ფონზე შეიმუშავა ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სპეციალური სახელმძღვანელო მოთხოვნები, რომლებიც მიკრობანკებსა და კომერციულ ბანკებზე გავრცელდება.
ღრუბლოვანი აუთსორსინგი არის პროცესი, რომლითაც სპეციალიზებული ღრუბლოვანი პროდუქტები და სერვისები, ისევე, როგორც მათი განთავსება და ტექნიკური მომსახურება გადაეცემა სხვა სპეციალიზებულ კომპანიებს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, სახელმძღვანელო მოთხოვნები მნიშვნელოვანია საფინანსო ინსტიტუტებისთვის შესაბამისი პროცესებისა და მექანიზმების დანერგვის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ოპერაციების სტაბილურობას და კიბერუსაფრთხოებას.
სახელმძღვანელო არის პრევენციული მექანიზმი, რომელიც მოითხოვს, რომ ღრუბლოვანი აუთსორსინგის გამოყენების აუცილებლობა ეფუძნებოდეს სტრატეგიულ საჭიროებას, მისი გამოყენებისას შეფასდეს რისკები, მომსახურების მომწოდებლის მხარეს არსებული კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო ორგანიზაციამ წინასწარ შეიმუშავოს ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურებიდან გასვლის სტრატეგია.
ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების სახელმძღვანელოში განსაზღვრული მოთხოვნები ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიასა და რეკომენდაციებს.
ამ დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო არის ღია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი მზადაა ითანამშრომლოს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.