თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ეკონომიკის სამინისტრო ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლას მიმდინარე კვირაში დაიწყებს, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას – განახორციელოს ეს პროექტი თუ გააფართოვოს დედაქალაქში არსებული აეროპორტი, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.
ამჟამად თბილისის მახლობლად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა შეზღუდულია საქართველოს მთავრობასა და TAV Georgia-ს (კომპანია, რომელიც მართავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს) შორის არსებული შეთანხმებით. შეთანხმება, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ზღუდავს თბილისის აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელებას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოქმედი კონტრაქტი TAV Georgia-სთან და ვრჩებით იურიდიულად ერთგული შეთანხმების, რომელიც მთავრობასა და ამ კომპანიას შორის არის გაფორმებული. ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა იღებს, სრულ თანხვედრაშია ხელმოწერილ შეთანხმებასთან", – განაცხადა ქვრივიშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობას სურს განავითაროს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ.
„სწორედ ამიტომ ვმუშაობთ დედაქალაქის აეროპორტის შემდგომი განვითარების პროექტზე", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დაგეგმილი კვლევის შედეგების მიღებამდე ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყნის მთავარი აეროპორტი.
მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 713,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 41%-ით აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს. პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელი 89%-ით დაიბრუნა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1.208.462 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 109,6%-ით მეტია. ახალი მაჩვენებლების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების პანდემიამდელი პერიოდის მონაცემები 74,7%-ით არის აღდგენილი.
2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებზე. პანდემიისწინა პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.