შემოსავლების სამსახურმა „მთავარი არხი“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ 2022 წლის 20 თებერვლიდან 2023 წლის 2 ივნისამდე რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით არ გაცემულა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების არცერთი ნებართვა
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს უწყებების მიერ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის არცერთი ნებართვა არ გაცემულა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, 4 და 5 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ დეზინფორმაციული სიუჟეტები გავიდა, რომლებიც ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტ/იმპორტის კონტროლსა და ამ კუთხით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესს ეხებოდა.
„შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ 2022 წლის 20 თებერვლიდან 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართულებით არ გაცემულა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების არცერთი ნებართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტს ორმაგი დანიშნულების ტვირთების კონტროლის მექანიზმებზე საკმაოდ ვრცელი და დეტალური განმარტება მიაწოდეს და ცალსახად განუმარტეს, რომ სიუჟეტში მის მიერ, საგანგებოდ დასახელებული სეს ესნ-ის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის - რედ.) სასაქონლო კოდები არ წარმოადგენდა ორმაგი დანიშნულების საქონელს.
გარდა ამისა, სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის მიერ, 2022 წლის 20 თებერვლიდან 2023 წლის 2 ივნისის პერიოდში, გაცემული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების შესახებ სრული ინფორმაცია.
„მიუხედავად აღნიშნულისა, 5 ივნისს, „მთავარმა არხმა", კვლავ გაიმეორა იგივე დეზინფორმაცია და „მტკიცებულებად“ მოიყვანა ოპოზიციური პარტიების, „ექსპერტისა” და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხოლოდ ვარაუდებსა და ეჭვებზე დამყარებული განცხადებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურში აღნიშნეს, რომ ამ რესპონდენტებიდან არცერთს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია საბაჟო კოდების ფორმალობების ზუსტი განსაზღვრისთვის.
„მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის, სერტიფიცირებული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ საქონელი ორმაგი დანიშნულებისაა თუ არა“, - აღნიშნეს უწყებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საქონლის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის ნებართვის მიკუთვნების თაობაზე მიიღება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში მითითებული კონტროლირებადი პროდუქციის ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების და მასში მოცემული განმარტებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით.
მესტვირიშვილი: საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი სერიოზულობით ეკიდება სანქციების დაცვას >>
ეს ყველაფერი განსაზღვრულია „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისი მუხლით.
შესაბამისად, სეს ესნ-ის ერთი და იგივე სასაქონლო კოდში შესაძლოა მოხვდეს როგორც ორმაგი დანიშნულების, ისე სხვა საქონელი, ხოლო საბოლოო იდენტიფიცირებისთვის და იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა საქონელი სანებართვო კონტროლს, საჭიროა ინფორმაციის მოძიება ამ საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც შედარდება საკონტროლო ნუსხაში მითითებული კონტროლირებადი პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებს.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას საფუძვლიანად გაეცნოს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, საერთაშორისო პრაქტიკას და შეწყდეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციის ტირაჟირება.
საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.