სარჯველაძე: გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს საზღვარი

თბილისში ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს ფარგლები, და როდესაც ამ ფარგლებს სცდებიან, საჭირო ხდება სამართლებრივი რეაგირება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის პირველი მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე საპასუხოდ.
პატელმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულთა საქმეებს. მშვიდობიანი პროტესტი - დემოკრატიის საფუძველია და „განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს რომ შეუერთდეს“, განაცხადა მან.
„ზოგადი კონსტიტუციური მიდგომის თანახმად და ამ საკითხს მთელი ცივილიზებული სამყარო ასე ხედავს, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს ფარგლები, როცა ეს ზღვარი გადაილახება-ხოლმე, ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“, - განახადა სარჯველაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პატელი არ იყო ინფორმირებული ინციდენტის დეტალებზე და უცნობია, რატომ დაუსვეს მას ეს კითხვა.
აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მცირე ჯგუფმა 2 ივნისს გამართა აქცია ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის სოლიდარობის ნიშნად. მას ბრალად ედება 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება.
1 მაისს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავად დაკავების ფაქტს არ ეთანხმება ქართული ოპოზიციის ნაწილი და მისი ახლობლები. ლაზარეს მამა, ბექა გრიგორიადისი რამდენიმე დღეა ცდილობდა პარლამენტთან კარვის გაშლას. პოლიციამ ის 2 ივნისს, კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა. ბექა გრიგორიადისი 48 საათის შემდეგ გაათავისუფლეს და 2000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
გრიგორიადის თქმით, მისი შვილი ლაზარე დასჯას იმსახურებს, მაგრამ არა დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებში.
ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარავი დადგა >>
2 ივნისს, გვიან ღამით, პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ აქცია დაშალა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ დროისთვის ისინი ყველა თავისუფალია.
დაკავების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრების და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
თავად აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი უკანონოდ დააკავეს და აპირებენ მიმართონ პროკურატურას გამოძიების დაწყების და იმ პოლიციელების დასჯის მოთხოვნით, ვინც, სავარაუდოდ, კანონი დაარღვია.
ამასობაში, 4 ივნისს ბექა გრიგორიდისმა მაინც გაშალა კარავი პარლამენტის შენობასთან.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საქმის დეტალები

გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.