რატომ არ შედგა კონტაქტი კიშინიოვში ღარიბაშვილსა და ზელენსკის შორის: პრემიერის განმარტება

კიშინიოვში გამართულ სამიტზე რიგი არ ყოფილა ზელენსკისთან ხელის ჩამოსართმევად, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე 45 ლიდერი იმყოფებოდა, მათგან მაქსიმუმ 10 შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, რატომ არ მიესალმნენ ის და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მოლდოვაში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფორუმზე. ჟურნალისტი დაინტერესდა, ვისი ინიციატივა იყო, რომ მათ შორის კონტაქტი არ შედგა.
„არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული. იქ იყო 45 ლიდერი და აქედან, შეიძლება, 5-6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ 10-მა და ეს იყო. იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან პრემიერმა გააკრიტიკა ოპოზიციური მედია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მას მოლდოვაში ზელენსკისთან კომუნიკაცია არ ჰქონდა.
„ძალიან სასაცილოა ის ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ზელენსკიმ სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპული ქვეყანა „ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნდა გახდეს“, ხოლო საქართველოსა და ბელარუსს ყველანაირი ხერხით „უკანონობაში ითრევენ“.
ღარიბაშვილის სიტყვებს უკრაინაში კონფლიქტის მიზეზებზე სკანდალი მოჰყვა: „ოცნების“ რეაქცია >>
საქართველოს პრემიერი ზელენსკის სიტყვებს კიშინოვშივე გამოეხმაურა.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან“, - განაცხადა მან და განმარტა,რომ მტრულ ძალებში იგულისხმა დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტი კიშინიოვში 31 მაისს-1 ივნისს გაიმართა.