თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე წააგებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წინადადების კომენტარისას, რომელმაც მცირე პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ხაბეიშვილმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ოპოზიციამ "ნაცმოძრაობასთან" კოალიციაზე უნდა ილაპარაკოს. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ დაეხმარება ოპოზიციურ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაში საპარლამენტო არჩევნებზე.
„მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. არ მინდა არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე, ხაბეიშვილი ახსენეს და სხვები, გავაკეთო კომენტარი", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის აზრით, ეს ადამიანები ჩვეულებრივი მარგინალიზებული ძალაა, რომელსაც არანაირი დღის წესრიგი არ გააჩნია.
„ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას", - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლები ყოველგვარ შინაარსს არის მოკლებული.
„რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე. აი, ეს არის სახე მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
რა ხდება „ნაცმოძრაობაში"
„ნაცმოძრაობას" ორი ბანაკი ჩამოყალიბდა: ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. ხაბეიშვილს მხარს უჭერენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და თავმჯდომარის პოსტზე მელია ჩაანაცვლა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის" დაშლა გარდაუვალია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.