კალაძე ქართველი მოსამართლეებისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის მომხრეა

საქართველოს ხელისუფლება უკვე ორი თვეა უშედეგოდ სთხოვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციები უსაფუძვლოდ დააწესა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ის მიესალმება, თუ სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
აშშ-მა 5 აპრილს სამი მოქმედი მოსამართლის: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძისა და ირაკლი შენგელიას, ასევე ერთი ყოფილი მოსამართლის ვალერიან ცერცვაძის მიმართ სავიზო შეზღუდვები დააწესა „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის" გამო.
„კარგი იქნებოდა, თუ წარმოდგენილი იქნებოდა, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, როდესაც რაღაცას აკეთებ, ამას სჭირდება ახნა-განმარტება, მითუმეტეს საუბარია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაზე. მივესალმები იმას, თუ სანქციები მოიხსნება იმიტომ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოუხსნას სანქციები ქართველი მოსამართლეებს.
მისი თქმით, არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკვე ორი თვეა ითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან სანქცირების დასაბუთების მტკიცებულებებს, თუმცა უშედეგოდ.
პაპუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები უნდა მოუხსნას>>
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
სანქცირებული ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ>>
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.