თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის (Euro U-21) გარემონტებული UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დაათვალიერა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. Euro-ს მატჩები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისი, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
კაპიტალური რემონტის შედეგად მესხის სახელობის სტადიონზე თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები - გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 32,7 მლნ ლარია.
სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, როგორიცაა სივრცეები სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებასა თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის. დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები, ლედსარეკლამო კედლები და სხვ.
სტადიონზე დასრულებული სამუშაოები პრემიერთან ერთად დაათვალიერეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა დავით ტაბიძემ.
საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად მთავრობამ 115 მლნ ლარი გამოყო: აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
განხორციელდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია. გამოიცვალა ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე 1 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში. აშენდა ახალი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები - 1 სტადიონი წყალტუბოში, 1 - ქობულეთში და 2 - ბათუმში.
ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ყველა სტადიონისთვის ბრიტანულმა კომპანიებმა Labosport-მა და SIS Pitches-მა შეასრულეს.
თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონები, ასევე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.