14 წლის წინ გაუჩინარებული ლეოპარდი თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გამოჩნდა

თუშეთში ლეოპარდს თვალს ადევნებენ და უახლოეს მომავალში მისი გადაადგილების შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ლეოპარდი, რომელიც საქართველოში აღარ გამოჩენილა 2009 წლის შემდეგ, გასულ წელს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ფოტოხაფანგმა დააფიქსირა, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.
ხახიშვილმა სააგენტოს მიერ ჩატარებულ საკონსერვაციო სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუშეთში ლეოპარდს აკვირდებიან და უახლოეს მომავალში გაირკვევა მონაცემები იმის თაობაზე, თუ როგორ გადაადგილდება ის საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
ხახიშვილმა ისაუბრა ჯეირნების რეინტროდუქციაზე. რეინტროდუქცია არის გარკვეული ტიპის ველური ცხოველებისა და მცენარეების გადასახლება და კვლავ დასახლება ტერიტორიაზე, სადაც ისინი ადრე სახლობდნენ, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო გაუჩინარდნენ.
ტურისტების ნაკადი არ წყდება: საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები ზაფხულის სეზონის წინ>>
ხახიშვილის თქმით, სააგენტომ ეს პროცესი გასულ წელს დაიწყო და 2023 წელს უკვე გვხვდება ჯეირნის ცხრა თაობა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე 300–ზე მეტი ინდივიდია, აღნიშნა მან.
ხახიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმერული მუხის აღდგენის პროექტზე. ის წითელ წიგნშია შეტანილი და მხოლოდ აჯამეთის (იმერეთი) ეროვნულ პარკში გვხვდება. მისი თქმით, სააგენტომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
გარდა ამისა, ხახიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში წლიდან წლამდე ბრაკონიერობის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე არაერთი მიმართულებით, სკოლის და ბაღის ასაკიდან, რაც მოიცავს ეკოგაკვეთილებს, ინტენსიურ ეკოლექციებს, განსაკუთრებით რეგიონებში, რათა მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს ბრაკონიერობის შესახებ“, – განაცხადა ხახიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს–ცენტრში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს უპირველესი ამოცანაა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა, მონიტორინგი და კონსერვაცია, აღნიშნა ხახიშვილმა და დასძინა, რომ დაცული ტერიტორიები ქვეყნის 13%–ს შეადგენს.
ესაა დაახლოებით ასი დაცული ტერიტორია, რომლებიც 900 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს იკავებს.