თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში მაშინ დააბრუნებენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები შეიქმნება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
დაკავებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში".
„პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა საფრთხე არ არის, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული პატიმარი. ის, როდესაც დადგება შესაბამისი პირობა, იქნება გადაყვანილი. ანუ ეს [გადაყვანა] საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტროს „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან რეგულარული კონტაქტი აქვს, აღნიშნა მან.
„ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ. როგორც მოგახსენეთ, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, სამედიცინო პირობებს ვგულისხმობ, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის ადვოკატები მრავალი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე ჯანმრთელობის მიზეზით. ისინი ამტკიცებენ, რომ სააკაშვილს აქვს დემენცია, კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში ვერ მიაღწიეს სააკაშვილის გათავისუფლებას და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს სარჩელით. სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმის განხილვის შემდეგ უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილის მდგომარეობა
2022 წლის მაისიდან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" იმყოფება.
2023 წლის აპრილის დასაწყისში სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოწვეულმა ექიმებმა ბოლო გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.
კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობას ხსნიან იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს და იღებს მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს, რაც წონის კლებას იწვევს.
სასამართლოზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. ადვოკატების თქმით, ეს დაავადებები მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ადვოკატები, შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა "ვივამედში".