თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს.
მოძრაობის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციაში უკვე დატოვეს. წერილს თან ერთვის საქმის მასალები და ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
„პრეზიდენტს ვთხოვთ ნიკა გვარამიას შეწყალებას... რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპელირებთ ნიკა გვარამიას უდანაშაულობით და იმით, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია. მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირველ რიგში, იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა მოძრაობის წევრმა გიორგი ლომიძემ.
2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.