თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკა და მისი ჩატარების ადგილი შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ევროპის კომისიის გადაწყვეტილებას 2024 წელს ამ ღონისძიების მასპინძელ ქვეყანად საქართველოს გამოცხადების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
„ჩვენ ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი. სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი დღის ჩასატარებლად“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.
მანამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 2024 წელს საქართველოში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვა და ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენისთვის.
ტურიზმის მსოფლიო დღე 30 წელიწადია აღინიშნება, 2022 წელს ღონისძიება 27 სექტემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართა.
ყოველწლიური დღესასწაული მიზნად ისახავს ტურიზმის პოპულარიზაციას, მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკაში მისი წვლილის ხაზგასმას და სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის კავშირების განვითარებას.