მსხვერპლი თუ მოძალადე - ბათუმში დაკავებულმა რესტორან „რეტროს“ მფლობელმა დუმილი დაარღვია

შრომის ინსპექციის სამსახურმა შემოწმების ჩატარების შემდეგ ვარშანიძის საკუთრებაში არსებული ორი ობიექტის მუშაობა შეაჩერა.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ბათუმში ძალადობის ბრალდებით დაკავებული რესტორან „რეტროს“ მეპატრონემ თეიმურაზ ვარშანიძემ განაცხადა, რომ თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი და აპირებს დამნაშავეებს სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
4 ივნისს აღნიშნული რესტორნის ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ობიექტის მფლობელი სტუმრების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ოფიციანტზე. რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა ღია წერილიც, რომელშიც მომხდარის დეტალებზეა საუბარი. ზოიძის თქმით, თავად მან „რეტრო" თეიმურაზ ვარშანიძის მხრიდან შეურაცხყოფის გამო ცოტა ხნის წინ დატოვა. რესტორნის მფლობელი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დააკავეს.

„თვითონ თემური წააქციეს და მას უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში ამავე კომპანიის დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში, რომელიც იყო თემურის წინააღმდეგ, მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს“, – განაცხადა მახარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი, არის სიცრუე. მახარაშვილის მტკიცებით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ. ჩაის განაწილება, რაშიც ადმინისტრაცია საერთოდ არ ერევა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში დაწესებულებიდან 15-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა.
შრომის ინსპექციის სამსახურმა სამუშაო პროცესი შეუჩერა „შპს რეტროსა“ და „შპს რეტრო 2“-ს, რომელთა მფლობელია ვარშანიძე.

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“, სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 ათასი ლარით დაჯარიმდა“, – ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია, სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი როგორც ზეგანაკვეთური, ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.
ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს.