რამდენად მოსავლიანი იყო 2022 წელი - სტატისტიკა განახლდა

2022 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211,8 ათასი ჰექტარი შეადგინა, ისევე, როგორც 2021 წელს.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 2022 წელს საქართველოში მარცვლეულიდან ხორბლისა და ქერის წარმოება გაიზარდა, ხოლო დანარჩენი კულტურების წარმოება შემცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
სოფლის მეურნეობის განვითარება და იმპორტჩანაცვლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ეს საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ქვეყანაში მიწის მესაკუთრეთა მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211,8 ათასი ჰექტარი შეადგინა, ისევე, როგორც 2021 წელს. ამასთან, ძირითად ნაწილს შეადგენდა ხორბლის, სიმინდის, ქერისა და კარტოფილის ნათესები.
„საქსტატის" ცნობით, 2022 წელს სიმინდისა და კარტოფილის მოსავლიანობა შემცირდა, ხოლო სხვა ბოსტნეულის, ასევე ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა გაიზარდა.
საქართველოს ბაღები
2022 წელს თესლოვანი ხილის (ვაშლი, მსხალი, კომში და სხვ.) წარმოების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 1,9%-ით გაიზარდა და 87,9 ათასი ტონა შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში კურკოვანი ხილის (ქლიავი, გარგარი, ატამი და სხვ.) წარმოება 5,6%-ით გაიზარდა და 69,7 ათასი ტონა შეადგინა.
საქართველოს მთავრობა ახალი ბაღების გასაშენებლად დამატებით თანხებს გამოყოფს>>>
2022 წელს თხილეულის წარმოებამ 42,2 ათასი ტონა (-21,7%) შეადგინა, სუბტროპიკული ხილის – 17,3 ათასი ტონა (-25,1%), ხოლო ციტრუსების – 53,1 ათასი ტონა (-13,8%).
გარდა ამისა, გასულ წელს წარმოებული იქნა 279,8 ათასი ტონა ყურძენი, რაც 3%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოს მთავრობა ბაღების განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. 2015 წლის მარტიდან მოქმედებს სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია, სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
დახმარების პროგრამები
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ამ მიზნით ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი", რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან მოქმედებს.
მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქართველ ფერმერებზე დაგეგმილია 10 ათასზე მეტი სესხის გაცემა დაბალი საპროცენტო განაკვეთით
„შეღავათიანი აგროკრედიტის" ძირითადი მიზანია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
კრედიტები ქართველი ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება>>>
პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან 5 მლრდ ლარის ოდენობის 80 ათასამდე სესხია გაცემული.
პროექტის რეალიზაციის პერიოდიდან მასში შევიდა რამდენიმე ცვლილება, რომელიც დარგში არსებულ მოთხოვნებს პასუხობს.
2022 წლის აგვისტოში მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები პროექტის რამდენიმე ქვეკომპონენტში.
კერძოდ, „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია სესხის თანხით დაფინანსდეს სათბურში დასარგავი კენკროვანი ნერგების და ქოთნების შეძენის ღირებულება, თუ სესხის მიზანია კენკროვანი კულტურების სათბურის მოწყობა.
სახელმწიფო ფერმერს კრედიტს ოთხი წლის განმავლობაში წლიური 11%-ით უფინანსებს. კრედიტის თანხა 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდეა.
პროექტის ქვეკომპონენტის „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ფარგლებში ბენეფიციარებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, სესხის თანხა გამოიყენონ მრავალწლიან ბაღებში დამცავი ბადეების მოსაწყობად ან არსებულის სარემონტოდ.
ქართველი ფერმერები აგროკრედიტით დრონისა და მეტეოსადგურის ყიდვას შეძლებენ>>>
ასევე შესაძლებელი გახდა სესხის თანხით დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა. „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ქვეკომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი ასევე 11%-ს შეადგენს. სახელმწიფო ფერმერს 66 თვის განმავლობაში უფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდეა.
პროექტის ქვეკომპონენტში „შეღავათიანი აგროლიზინგი“, რომელიც საწარმოებისა და აღჭურვილობის განვითარებას ემსახურება, შესაძლებელი გახდა ლიზინგით არასტაციონარულ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა.
ამ ქვეკომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი აგრეთვე 11%-ია. სახელმწიფო ფერმერს 36 თვის განმავლობაში უფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა აქაც 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდეა.