გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გამართავს

შეხვედრაზე მხარეები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს ბერლინში მიიღებს, იუწყება გერმანიის მთავრობის პრეს-სამსახური.

„ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ფედერალურ კანცელარიაში 2023 წლის 9 ივნისს მიიღებს", – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეები საგარეო პოლიტიკასთან, უსაფრთხოებასა და ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებული თემების განხილვას გეგმავენ.
გარდა ამისა, შოლცი და ღარიბაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.