თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის დასაძლევად ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მცირე პარტიების რეიტინგს მხოლოდ შეამცირებს და მათი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.
„ოპოზიციური სპექტრისთვის ხაბეიშვილის წინადადება მცირე ოპოზიციური პარტიების თვითმკვლელობის ტოლფასია. თუ ისინი არჩევნებზე „ნაცმოძრაობას“ შეუერთდებიან, რეიტინგი არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მცირე ოპოზიციური პარტიის ნებისმიერმა საღად მოაზროვნე წევრმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი ამით არჩევნებში წარმატების იმედს დაასამარებენ, აღნიშნა სამხარაძემ.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯერ რთულია პროგნოზის გაკეთება – საპარლამენტო არჩევნებზე შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტიას კონკურენცია გაუწიოს.
„არჩევნებამდე წელიწადზე მეტი რჩება, ამიტომ პროგნოზებს არ ვაკეთებთ. თუმცა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ოპონენტები არიან, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ისინი სრულ მარცხს იწვნევდნენ“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.