ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ რამაზ ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი TV 25.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლის ძმას სანადირო თოფიდან ესროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს.
ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, მაგრამ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაკავებულს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.