ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

ინაუგურაციის შემდეგ მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის პრეზიდენტმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა.
ინაუგურაციის შემდეგ მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის პრეზიდენტმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა.
„ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ჩვენი მეგობარი ერის ლიდერს“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში.
მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელოდება, რომ არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო განმტკიცდეს.
ინაუგურაციის ცერემონიას 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახალი ვადით ხელახლა აირჩიეს - მან ხმების 52%-ზე მეტი მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აჰმედ იენერმა 1 ივნისს გამოაცხადა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა - ერდოღანის მეტოქე ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იყო.
ჯამში თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ 54 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, საიდანაც 27,8 მილიონმა ერდოღანს დაუჭირა მხარი, ხოლო ქილიჩდაროღლუს - 25,4 მილიონმა.
წყარო - საქართველოს მთავრობა