ინტერნეტიზაცია საქართველოში: ბოლო მონაცემები

ყველაზე პრობლემური რეგიონია კვლავ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს ინტერნეტით.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი და აჭარა, ხუთ რეგიონში მოსახლეობის დაახლოებით 60%-ზე მეტს აქვს ინტერნეტი, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.
2023 წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისშია - 451,2 ათასი. დედაქალაქში ასევე 26,8 ათასი აბონენტია, რომელიც იურიდიულ პირს წარმოადგენს.
რა ეტაპზეა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი: მინისტრის განმარტება >>
აჭარაში ინტერნეტით სარგებლობს 105,9 ათასი მოქალაქე და 5,6 ათასი იურიდიული პირი. გარდა ამისა, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მცხოვრებთა 70%-ზე მეტს აქვს ინტერნეტი.
შედარებით უარესი მდგომარეობაა სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და კახეთის რეგიონებში, სადაც ინტერნეტი მოსახლეობის 50%-ს აქვს.
ყველაზე პრობლემური რეგიონია კვლავ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს ინტერნეტით.
დიდი ქალაქებიდან, თბილისის გარდა, ყველაზე მეტად უზრუნველყოფილია ინტერნეტით ბათუმი, რუსთავი, ფოთი და ქუთაისი. რაიონებიდან - ბორჯომის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.
ინტიმური კადრებით შანტაჟი: დაკავებულია ხუთი პირი >>
მოსახლეობის ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემებია თერჯოლის, ხარაგაულის, ხულოს, მესტიის, შუახევისა და ქედის რაიონებში. ასევე, საქართველოს ყველა რეგიონში არის სოფლები, სადაც საერთოდ არ არის ინტერნეტი ან ის სოფელში ერთ-ხუთ ადამიანს აქვს.
2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ხუთმა ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანიამ 63,4 მილიონი ლარი გამოიმუშავა. ამავდროულად, საქართველოში აბონენტების 90% მაგთიკომისა და სილქნეტის ინტერნეტს მოიხმარს.