ვლადიკავკაზ-თბილისის გზაზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდება

გაზმომარაგება გათიშულ გაზგამანაწილებელ სადგურზე სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება 5 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის გზაზე, რის გამოც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება, იუწყება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 64,0 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ამასთან დაკავშირებით, 5 ივნისის 09:00-დან 15:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიონის, სნოს, სტეფანწმინდისა და ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურებისა და შპს „სასტუმრო ყაზბეგის“ მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება დაბა ყაზბეგსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არშა, აჩხოტი, ახალციხე, გარბანი, გველეთი, კარკუჩა, სიონი, სნო, ცდო, ქოსელი და ჯუთა.
ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
წყარო - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.