„ტყის მეგობარი“: საქართველოს მთავრობა საზოგადოებას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს

მნიშვნელოვანია გაერთიანება საქართველოს უნიკალური რესურსების დასაცავად, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა ახალი პლატფორმა „ტყის მეგობარი“, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას ბუნების გადასარჩენად, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იწვევს ყველას კერძო კომპანიებს, მოხალისეებს, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ და უშუალო მონაწილეობა ტყის გაშენების ღონისძიებებში მიიღონ.
„ტყის მეგობარი“: საქართველოს მთავრობა საზოგადოებას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს
პლატფორმაზე დარეგისტრირებული მონაწილეები ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს მათ მიერ არჩეული პროექტების მსვლელობას, საინტერესო და სასარგებლო თემატურ ინფორმაციასაც მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტებისგან, ისე გარემოსდამცველებისგან.
პლატფორმის პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ტყის მეგობარი“: საქართველოს მთავრობა საზოგადოებას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს
2023 წლისთვის, ტყის გაშენების სამიზნე რეგიონებია კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. 2024 წლიდან, პლატფორმა 9-ვე რეგიონს მოიცავს.
„ტყე ჩვენი საგანძური და უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა და დაცვა სჭირდება. ჩვენი დღევანდელი ღონისძიებაც ამას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დარგის პროფესიონალებთან ერთად, ჩაერთონ ტყის მოვლა-აღდგენის და დაცვის ღონისძიებებში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების გაერთიანება საქართველოს უნიკალური რესურსების დასაცავად და მათზე ზრუნვა.
„ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. პირველი, რასაც გამოვყოფდი, არის ტყის ახალი კოდექსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან. თუმცა, კვლავ არის გამოწვევები, დაკავშირებული ტყის უკანონო სარგებლობასთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ამ პროცესის თანამონაწილე და ეს პლატფორმა სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა.
წყარო - პროექტი „ტყის მეგობარი“