თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

საუკეთესო სამხედროების გამოვლენა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით ხდება.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.
გიორგი მათიაშვილმა კაპრალ ზურა ლაფაჩს, უმცროს სერჟანტ ივანე გუგუმბერიძეს, სერჟანტ ზურაბ ბენდელიანს, ლეიტენანტ ლევან კამლაძეს და უფროს ლეიტენანტ ლაშა აბრამოვს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცა. თავდაცვის ძალების მეთაურმა მათ მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება.
უწყების ცნობით, პროექტის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.