თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. იაპონიას გადაუარა ძლიერმა ტაიფუნმა სახელწოდებით Mawar - 30-მდე ადამიანი დაშავდა, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, იუწყება ტელეარხი NHK.
აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი დაშავებული, კერძოდ 12 ადამიანი, კანაგავას პრეფექტურაში დაფიქსირდა.
რვა ადამიანი დაშავდა ოკინავაში, ორი კი ტიბეში. თითო დაშავებული დაფიქსირდა სიძუოკას, ტოჩიგას, ვაკაიამას, მიეს, აიჩის, იამანასისა და ტოკიოს პრეფექტურებში.
ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ 12 პრეფექტურაში სულ მცირე 178 სახლი დააზიანა.
ტაიფუნი ახლა ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა და თავის მსვლელობას იაპონიის მთავარი კუნძულის, ჰონსიუს სამხრეთით აგრძელებს. ექსპერტების აზრით, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ნელი გადაადგილების გამო, ძლიერი წვიმა ერთსა და იმავე ადგილზეა „გაჩერებული“.
შაბათის დილის მდგომარეობით, სიძუოკას პრეფექტურაში 497,5 მილიმეტრი წვიმა მოვიდა, აიტიში - 419 მილიმეტრი, ვაკაიამაში - 385 მილიმეტრი და საიტამას პრეფექტურაში - 260,5 მილიმეტრი.