თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ოპოზიციას სურს ხელი შეუშალოს საქართველოს რეკომენდაციების შესრულებაში, რომლებიც ქვეყანას სჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, რათა მოგვიანებით ეს ხელისუფლებას დააბრალოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტში გრძელდება მუშაობა 12 პირობის შესრულებაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წაუყენეს. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
ოპოზიციის მიერ არჩეული სტრატეგია არის რეკომენდაციების არდაშვება, რათა შემდგომში ეს ხელისუფლებას დააბრალოს და პოლიტიკურ ბატალიებში გამოიყენოს, განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის.
„საქართველოს თორმეტივე მიმართულებით აქვს... კონკრეტული, მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუკი სწორი გადაწყვეტილების მიღებას რაიმე არასწორი ფაქტორი ხელს არ შეუშლის საქართველოს, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საქართველომ 12-დან ცხრა რეკომენდაცია უკვე შეასრულა. ამასთან, ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი კვლავ საზოგადოების პოლარიზაციაა.