თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება.
ქართული დელეგაცია ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ.
მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, ასევე ცენტრალური და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები.
„როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე", - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია უცხოელი ლიდერების მონაწილეობით 3 ივნისს გაიმართება.
პრეზიდენტი პარლამენტში ფიცს დადებს და ათათურქის მავზოლეუმს ეწვევა. ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას გამოაცხადებს.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანმა ხმების 52%-ზე მეტი მიიღო.