აჭარაში ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 35 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თოფით 30 წლის ძმას დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - პროკურატურა