თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ, რომლებიც საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ მონასტერს.
მიმდინარე წლის თებერვალში კულტურის სამინისტრომ გელათის რეაბილიტაციის საქმე მთლიანად საპატრიარქოს გადააბარა.
როგორც გელათის რეაბილიტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, სამუშაოების დაწყებამდე უმაღლესი სტანდარტის სამეცნიერო კვლევების ჩატარებაა საჭირო, რასაც იტალიელი სპეციალისტები კარგად გაართმევენ თავს.
„ეს ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო სპეციალისტები არიან. ჯერ კიდევ კვლევის ეტაპია, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება აქტივობაც. <...> ივლისის შუა რიცხვებში იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი", — აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ქართველი ექსპერტების თქმით, გელათში არსებული პრობლემები იგივეა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ, თუმცა სიახლე ისაა, რომ შეიქმნა კომიტეტი და მართვის პრინციპი აბსოლუტურად შეიცვალა.
„ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. წლები დაიკარგა არასწორად წარმართული სამუშაოების გამო“, — აცხადებს ერთ-ერთი სპეციალისტი.
მანამდე იმის შესახებ, რომ საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის ფრესკების დაზიანების შესაფასებლად ექსპერტები მოიწვია, საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.
მისი თქმით, ტაძრის კედლის მხატვრობა სახურავიდან წვიმის წყლის გაჟონვის გამო სავალალო მდგომარეობაშია, რასთან დაკავშირებითაც მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები — სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე 10 ივლისს ჩამოვლენ საქართველოში, ხოლო მანამდე გელათის კონსტრუქციულ, სეისმურ და სტრუქტურულ კვლევას იტალიური ორგანიზაცია Studio Projectione e Control-ის სპეციალისტები ჩაატარებენ.