თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში პოლარიზაციას დაასრულებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს... კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნება, თუნდაც პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით“, – განუცხადა ჟურნალისტებს იონათამიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საქართველომ 12-დან ცხრა რეკომენდაცია უკვე შეასრულა. ამასთან, ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი კვლავ საზოგადოების პოლარიზაციაა.
იონათამიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მისცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ამ საკითხით სპეკულირება დაიწყო.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს, რომლებმაც რეკომენდაციების შესასრულებელ მუშაობაზე უარი განაცხადეს, რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ.
„გვახსოვს, როცა ევროპულ პერსპექტივაზე რადიკალური კამპანიის აგორება სცადეს. ცხადია, რომ მათი რადიკალური დღის წესრიგი არასდროს განხორციელდება. მაგრამ საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაციის ხარისხი, ჯანსაღი დისკუსიისთვის მეტი სივრცე დარჩება", – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.