თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგების მიხედვით ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ 2,633 GEL/$1 შეადგინა.
მარეგულირებელმა აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ 17,1 მილიონი დოლარი გაიყიდა.
ეროვნულმა ბანკმა წინა სავალუტო აუქციონი 2022 წლის 20 სექტემბერს გამართა, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,8462 GEL/$1 შეადგენდა.
ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 10 მაისიდან დაიწყო, როდესაც ის 2,483 GEL/$ შეადგენდა. დღეისათვის კი უკვე ლარის კურსი 2,6396 GEL/$ ნიშნულზეა დადგენილი. ამგვარად ვარდნამ 6,3% შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ 3 ივნისს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,6335 GEL/$1 იქნება.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.