ნინო მამულაშვილი
საქართველოში ქუთაისის ხანძთელის სამხატვრო ინსტიტუტი დაამთავრა. შემდეგ ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა. ამერიკაში ჩასვლაზე ყოველთვის ოცნებობდა, ამის დასტურად შექმნა ნახატი, რომელიც მისი ამერიკული ოცნების ვიზუალიზაციად იქცა. დღეს მხატვარი ლაშა ბაღათურია ნიუ-იორკში ცხოვრობს.
იქ ჩასვლიდან მალევე სწავლა kinghsborough-ის ამერიკულ კოლეჯში განაგრძო. მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის მსოფლიო დიზაინერების გამოფენაზე. სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.
– ლაშა, როგორ გახსენდებათ პირველი დღეები ამერიკაში?
- სულ მქონდა ოცნება, რომ ნიუ-იორკში ჩამოვსულიყავი, აქ მესწავლა და ჩემი დიზაინი დამეხვეწა. როცა ამერიკაში პირველად ჩამოვედი, ერთი თვე ავეჯის გადაზიდვაზე ვმუშაობდი, შემდეგ პორტრეტების ხატვა დავიწყე.
მახსოვს, ლონდონელი ტურისტი გოგონა დავხატე. ხატვის დროს ძალიან ვნერვიულობდი. მას შემდეგ სამი თვე ვხატავდი პორტრეტებს და შემდეგ “სპრეით“ ხატვა დავიწყე. დღეს ნიუ-იორკის პეიზაჟებს ვხატავ. როცა საკმარისი თანხა მოვაგროვე, ამერიკულ კოლეჯში ჩავაბარე ინტერიერის დიზაინზე. მაშინ ჩემი ტურისტული ვიზა სტუდენტურით შეიცვალა.
- ერთ დღესაც თქვენი ოცნება დახატეთ...
- მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკი ჩემი ოცნება გახდა, ნახატიც დავხატე. მას My dream დავარქვი. მასზე დავხატე საკუთარი თავი ნიუ-იორკისკენ რომ მივისწრაფვი. შემდეგ ერთი უცხოური საიტი – ICFF ვნახე, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრში მსოფლიო დიზაინერების გამოფენას ატარებდა. ეს კომპანია ახალ დიზაინს ეცნობა და მას გამოფენაზე წარადგენს, რათა მსოფლიოს ახალი ნამუშევრები გააცნოს.
ლაშა ბაღათურიას ნახატი
© ლაშა ბაღათურიას პირადი არქივი
- რა შედეგი გამოიღო ამან, საიტიდან თუ მიიღეთ მოწვევა?
- დიახ, საიტზე დარეგისტრირების მერე ICFF-ისგან მომივიდა მოსაწვევი, რის შემდეგაც ამერიკის ვიზა მივიღე. ეს კომპანია ნიუ-იორკში ინტერიერის დიზაინის გამოფენას ყოველ წელს ატარებს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან დიზაინერები და საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ.
2015 წლის 15 მაისს ნიუ-იორკში ჩამოვედი და მოვხვდი გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცნობილი დიზაინერები გავიცანი. ამ გამოფენას უკვე ყოველ წელს ვესწრები. ჩემთვის ძალიან საინტერესოა 3D დიზაინი, ის, თუ როგორ აწყობ რომელიმე შენობის დიზაინს, ფერების შერწყმა და ასე შემდეგ.
- ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული?
- დიახ, მიყვარს ფოტოების გადაღება, ფოტოგრაფია თავისუფალ დროს ჩემი ჰობია. ქუჩაში ხალხს ფოტოებს ვუღებ ხოლმე. ზოგიერთ ჩემს სურათს ვყიდი, ზოგსაც ვჩუქნი. ჩემი ნახატების რამდენიმე გამოფენა მქონდა. მიყვარს ნიუ-იორკი და მის ქუჩებში სეირნობა, განსაკუთრებით სოჰოში.
ეს ისტორიული უბანია მანჰეტენზე. იქ სეირნობა იმიტომ მიყვარს, რომ შეიძლება შეხვდე ისეთ ადამიანს, ვისაც არ ელოდები. საერთოდ, ნიუ-იორკი მოულოდნელობებით სავსე ქალაქია და ამითაცაა საინტერესო აქ ცხოვრება...