მსოფლიო დღეს

სანდუ: მოლდოვა 2030 წლისთვის დნესტრისპირეთთან ერთად შევა ევროკავშირში

Sputnik
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციას ცდილობს, მაგრამ ეს პატარა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ევროკავშირს განდგომილ დნესტრისპირეთთან ერთად შეუერთდება 2030 წლისთვის, განუცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სააგენტო Bloomberg-ს.
მისი თქმით, დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ამჟამინდელი ყოფნა ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

„მოლდოვაში სეპარატისტული კონფლიქტის გადაჭრის საიდუმლო ეკონომიკურ რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლაშია. ეს 2,6 მილიონიან ერს — ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბს — ევროკავშირისკენ მიმავალ მკაფიო გზაზე დააყენებს და დნესტრისპირეთის მოსახლეობას აჩვენებს, რომ სარგებლობას ბლოკთან კავშირი მოუტანთ და არა რუსეთთან“, — აღნიშნა სანდუმ ინტერვიუში.

მოლდოვის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთი „არასტაბილურობის წაქეზებით, პროკრემლური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითა და რეფორმების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებით" ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი.
როგორც გამოცემა წერს, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოლდოვის საშინაო საქმეებში არ ერევა, თუმცა „დნესტრისპირეთში ამ დროისათვის 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე რჩება“.
მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 4 მარტს წარადგინა. გასული წლის ივნისის ბოლოს მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
წყარო: Bloomberg