კალაძე: საქართველო რუსეთს სანქციების დაწესებით ვერ აზარალებს

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ რუსეთთან ივაჭრა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი, რაც რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,3%-ია.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტონ და არა საქართველომ, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ზიანს ვერ მიაყენებს სანქციების შემოღებით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, იმ (ევროპულმა) ქვეყნებმა გადადგან ნაბიჯი და ყველანაირი კავშირი შეწყვიტონ, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ყოველდღიურად მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს 2022 წელი ევროპულმა ქვეყნებმა... ნახეთ სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის და მერე შეადარეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, თუნდაც ამერიკას შორის ან ნებისმიერ ქვეყანას შორის“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ რუსეთთან ივაჭრა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი, რაც რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირის ბრუნვამ რუსეთთან კი, „ევროსტატის“ მონაცემებით, თითქმის 260 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მაქსიმუმი იყო.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას. მე არ მჯერა ამის... ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას“, – აღნიშნა კალაძემ.
ღარიბაშვილის სიტყვებს უკრაინაში კონფლიქტის მიზეზებზე სკანდალი მოყვა:„ოცნების“ რეაქცია >>
რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, კახა კალაძის თქმით, ის ეფუძნება ქვეყნის ინტერესებს და აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს.

„როდესაც საუბარი სანქციებთან მიერთება-არმიერთებაზე იყო, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით, და ეს არ დაგვიმალავს, რომ სანქციებს არ და ვერ ვუერთდებით. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს ვატარებთ“, – განაცხადა მან.

კალაძის თქმით, ყველაზე მთავარია მშვიდობის შენარჩუნება.
„იმიტომ რომ მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება მოხდეს“, – აღნიშნა კალაძემ.
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. საპასუხოდ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.