პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლის თარიღი გაირკვა

მთავრობის მეთაურის მოხსენების დასრულების შემდეგ ანგარიშის განხილვა პოლიტიკური დებატების ფორმატში გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის დეპუტატების წინაშე 30 ივნისს წარდგება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მაისის ბოლომდე პრემიერმა საკუთარი ანგარიში წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს, ივნისში კი უშუალოდ დეპუტატების წინაშე წარდგეს.

„თარიღი შეთანხმებულია. პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 30 ივნისს გამოვა. ამასთან, ანგარიში წერილობითი ფორმით დადგენილ ვადაში იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

რეგლამენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მეთაურის მოხსენების დასრულების შემდეგ ანგარიშის განხილვა პოლიტიკური დებატების ფორმატში გაგრძელდება.
ღარიბაშვილისთვის ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში რიგით მესამე ანგარიში იქნება.