თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მუნიციპალური პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ გაფართოვდა, მასში ორი ახალი კერძო სპორტული ობიექტი ჩაერთო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრომის სხდომაზე.
თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხანდაზმულებს შეუძლიათ თვეში ცხრაჯერ უფასოდ ისარგებლონ აუზით ან ფიტნეს-დარბაზით.
პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომი იყო ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“. ახლა მათ „არენა" და „ოლიმპიკი" შეუერთდნენ.
„პროგრამა გრძელდება და მასში ჩართვის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი გაფართოება. შედეგად, პროგრამას დაემატა ორი კერძო სპორტული ობიექტი, რომლით სარგებლობაც ისევე სრულად დაუფინანსდებათ პროგრამაში ჩართულ პირებს, როგორც მუნიციპალურ ცენტრებში უფინანსდებოდათ“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია და ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
ოთხივე სპორტულ ცენტრში რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.