გომელაური: თითოეულმა პოლიციელმა უნდა იგრძნოს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა

Sputnik
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. პოლიციელთა მოტივაციისა და წახალისების მიზნით საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიციელების ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
პოლიციის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობასთან გაიმართა, მინისტრი გომელაური სიტყვით გამოვიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფების საზეიმო მსვლელობა გაიმართა. აღლუმი მინისტრმა გომელაურმა მიიღო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერით მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ასევე ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე, განაცხადა გომელაურმა.

„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი, ასევე სამხედრო მოსამსახურეები 2023 წლის 1 იანვრიდან გაზრდილ ხელფასს იღებენ. ამისთვის ბიუჯეტიდან 290 მილიონი ლარი გამოიყო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე ათასამდე პოლიციელი მიიღებს ბინას", – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პოლიციელმა იგრძნოს სახელმწიფოსა და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა.

„თითოეულ პოლიციელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოტივაცია და წახალისება, რათა კიდევ უფრო დიდი მონდომებით ებრძოლოს უკანონობას, კიდევ უფრო ერთგულად ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას“, – აღნიშნა გომელაურმა.

2023 წლის მაისში პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „პოლიციის ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოები ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ორ წელიწადში დასრულდება. პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს, საიდანაც პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს – 300 ლარს 1 კვადრატულ მეტრ ფართობში, ხოლო დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.