საქართველოში ამოქმედდა ჯარიმები ვანდალიზმისთვის

კანონდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ქვეყანაში ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის სასჯელს ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით დაჯარიმდება.
კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
თუ ზემოაღნიშნული დარღვევები გამეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
ამასთან, თბილისის მერიამ უკვე აამოქმედა აპლიკაცია Fix Tbilisi, სადაც მოქალაქეებს დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციის განთავსება შეუძლიათ.