თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის პრიორიტეტულ ბაზრებად განისაზღვრა ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და სამხრეთ კორეა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სამი სამიზნე ბაზარი პროგრამის ფარგლებში შეირჩა.
„აღნიშნული მემორანდუმის მიზანია ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა, რათა მსოფლიო ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ მყარად დაიმკვიდროს ადგილი“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
მეხუზლამ ასევე აღნიშნა, რომ ღვინო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ბოლო წლებში ექსპორტის მაჩვენებლები სტაბილურად იზრდება; თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება სტრატეგიული ბაზრების დივერსიფიკაცია.
„იმედი მაქვს, საპილოტო პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იქნება წარმატებული და გრძელვადიან პროგრამად ჩამოყალიბდება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
USAID-ს სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი აქტივობების შედეგად ქართული ღვინის ცნობადობა გაიზრდება.
„ის ნამდვილად არის უნიკალური და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ყველა მომხმარებელს და ღვინის მოყვარულს“, – აღნიშნა ნამიჩეიშვილმა.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია და მისი წილი მთლიანი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო.
2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთში განხორციელდა, სადაც ჯამში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში 38 მლნ დოლარის ღირებულების 13,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც 49,6%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. 2012 წელს კი ეს თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენდა.
სწორედ 14 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს ქვეყანა საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.