პრემიერი: ჩვენ კარგ პრეცედენტს ვქმნით

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად დიდი საფრთხეებისა და რისკებისა, საქართველოს ხელისუფლებამ მოხერხა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება კარგ პრეცედენტს ქმნის ტურბულენტურ გარემოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი ღარიბაშვილი ბრატისლავაში იმყოფება, სადაც გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) იღებს მონაწილეობას. პრემიერი სლოვაკეთს ქართულ დელეგაციასთან ერთად სტუმრობს.

„ჩვენ კარგ პრეცედენტს ვქმნით. ამ ტურბულენტურ გარემოში ჩვენ ვცდილობთ ორიენტირებას – როგორ გადავრჩეთ. დიახ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, არ ვართ ნატოს წევრი, მაგრამ გვინდა ვიყოთ ნატოს წევრი. არ ვართ ევროკავშირის წევრები, თუმცა ვცდილობთ ამ რთულ ვითარებაში ორიენტირება მოვახდინოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად დიდი საფრთხეებისა და რისკებისა, საქართველოს ხელისუფლებამ მოხერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას.
„თანამედროვე ისტორიაში, მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში თავისუფლება დავიბრუნეთ, ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. სხვა მთავრობების პირობებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვქონდა ომი, ესკალაცია და კონფლიქტი, ჩემ პერიოდში ეს არ ყოფილა“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ახალი მიდგომა დაინერგა.
„ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს უშუალოდ რუსეთთან აქვს 600 კმ-იანი საზღვარი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს. და ეს, მინდა ვთქვა, ჩვენთვის დიდი გამოწვევაა", – აღნიშნა პრემიერმა.
„ეს არა დათმობის, არამედ მოთმენის პოლიტიკაა" - პაპუაშვილი რუსეთთან ურთიერთობებზე>>>
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.