თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ახალი, თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.
აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უახლესი სისტემის დანერგვაში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ახალი სისტემა დააფიქსირებს ავტომანქანის სანომრე ნიშნებს და ავტომატურად დაიანგარიშებს პარკირების საფასურს, რომლის გადახდა შესაძლებელი იქნება აეროპორტის ტერმინალში და პარკინგის გასასვლელში განთავსებული სპეციალური აპარატების მეშვეობით – როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე პლასტიკური ბარათით.
ახალი, თანამედროვე სისტემა ასევე გააუმჯობესებს პარკინგზე ავტომანქანების ნაკადის კონტროლს, რაც მგზავრებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.
თბილისის აეროპორტი საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებთან ერთად.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო.