თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 28 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები აშშ-დან, მონაკოდან, უკრაინიდან, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენენ, წერენ ორგანიზატორები.
სცენა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტიდან
სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ვარსკვლავების გარდა, ფესტივალზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეებიც წარდგებიან.
მსურველებს უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა საფესტივალო სპექტაკლებზე: „ოტელო", „დონ კიხოტი", „ჟიზელი", „კარმინა ბურანა" და „გალა-კონცერტი". სპექტაკლების ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ.
პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ბალეტის ვარსკვლავებმა, თბილისში 2017 წელს გაიმართა. მაშინ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია ნიდერლანდის ცეკვის თეატრი (NDT 2 - Nederlands Dans Theatre 2).
ფესტივალის დამფუძნებელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი.