თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 237 პირის სახელზე დაამზადეს დეკრეტული შვებულების ასანაზღაურებლად საჭირო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინეს და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას – ჯამში 237 ათას ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ბრალდებულის სახით უკვე მიცემულია პასუხისგებაში.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება ჯგუფურად) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 1 ათას ლარს შეადგენდა, ახლა კი ქალები სახელმწიფოსგან 2 ათას ლარს იღებენ.