თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები სახელმწიფოსგან 160 მიწის ნაკვეთს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ, შესაბამისი დადგენილება ორშაბათს, 29 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
მთავრობის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სულ 18 საკითხი განიხილეს.
მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 133 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მათზე განთავსებული საცხოვრებელი ფართებით გადაეცემა.
საკუთრებაში გადასაცემი მიწის ნაკვეთები მდებარეობს ხონში, ახმეტაში, ასევე ლაგოდეხის, წალკის, ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
2012 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან ათასობით ეკომიგრანტსა და დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში.