ხელისუფლება, ოპოზიცია და ევროკავშირის 12 მოთხოვნა - „ოცნების“ გენმდივნის მოსაზრება

დღეს ოპოზიცია აგრძელებს ბრძოლას საქართველოსა და ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ასე ფიქრობს გენერალური მდივანი
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიციისგან განსხვავებით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შეასრულოს, რათა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თორმეტივე რეკომენდაცია შესრულდეს და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება. ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ეს რეკომენდაციები შეესრულებინა, არათუ პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ აღნიშნულ პროცესს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, არავინ არ იფიქროს, რომ ეს ნაბიჯები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა, პირიქით, ეს ნაბიჯები ქვეყნის წინააღმდეგ არის გადადგმული.
„არის გადადგმული ნაბიჯები, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში. არა მხოლოდ აქ, უცხოეთშიც დარბიან კაბინეტ-კაბინეტში, როგორც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს იყო, როგორც უვიზო გადაწყვეტილების მიღების დროს იყო“, - განაცხადა კალაძემ.
პაპუაშვილი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების 80% შეასრულა >>
მისი თქმით, დღეს იგივე ხალხი აგრძელებს ბრძოლას საქართველოს, ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.