ახალი ვაგონები თბილისის მეტროსთვის - როდის გამოცხადდება ტენდერი

თბილისის მერია არ ემუქრება დასანქცირება რუსულ კომპანიასთან გაწყვეტილი ხელშეკრულების გამო, რადგან ყველა პროცედურა EBRD-ის უშუალო ჩართულობით განხორციელდა, განაცხადა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვაზე ახალი ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
2021 წლის დეკემბერში რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე გამოაცხადა. თუმცა 2022 წლის მარტში EBRD-მა „მეტროვაგონმაშს“ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა შეუჩერა. მიზეზი კომპანიის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის ალბათობა გახდა. თბილისის მერიამ 19 მაისს გაწყვიტა კონტრაქტი კომპანიასთან, რადგან მას საერთაშორისო სანქციები შეეხო.
„რაც შეეხება ახალი ვაგონების შესყიდვას, ამაზე გვექნება საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა სამინისტროსთან და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ შესყიდვას ვაგონების შესაძენად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მერიას დასანქცირება არ ემუქრება.
„აღნიშნული კომპანია მოექცა სანქციების ქვეშ. შესაბამისად, ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა... მერია არ დასანქცირდება, ეს არის EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მათი უშუალო ჩართულობითა და წესებით ჩატარდა“, - განაცხადა კალაძემ.
მერიის მონაცემებით, ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები უკვე დაწყებულია.
თბილისის მერია რუსულ კომპანიასთან კონტრაქტს წყვეტს >>
კომპანია „მეტროვაგონმაშთან" ხელშეკრულება 2021 წლის ნოემბერში გაფორმდა.
„მეტროვაგონმაში“ არის „ტრანსმაშჰოლდინგის“ ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთში სარკინიგზო ტრანსპორტისთვის მოძრავი შემადგენლობების ორიდან ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.