თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 1,2 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს
1. სიჩქარის გადაჭარბება
ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 298.237 ჯარიმა - 50 ლარი.
2.პარკირების წესების იგნორირება
მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში გამოიწერა 252.996 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.
ფასიანი პარკინგი თბილისში
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 178.965 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
4. ტექდათვალიერების არარსებობა
მეოთხე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 156.650 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.
5. ტელეფონზე საუბარი ავტომობილის მართვის დროს
ამ დარღვევისთვის გამოიწერა 43.842 ჯარიმა - 30 ლარი.
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 38,7 მილიონი ლარის ოდენობით 759.679 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 21,8 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 139.906-მა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 5 მძღოლს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.