თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტის არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა.
სახელმწიფო ტელეარხი TRT Haber იუწყება, რომ 99,02% საარჩევნო ურნებიდან ბიულეტენების დამუშავების შემდეგ, ერდოღანმა ხმების 52,08% დააგროვა, ხოლო მისმა ოპონენტმა ქილიჩდაროღლუმ - 47,92%.
„ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას. თურქმა ხალხმა მათი სათქმელი თქვა და ჩვენ ვუერთდებით მათ დღესასწაულს“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში.
საქართველოს პრემიერის თქმით, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის.
კვირას თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტობისთვის რესპუბლიკის ამჟამინდელი მეთაური თაიფ ერდოღანი და ოპოზიციური ბლოკის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ იბრძვიან.
ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 49,52% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქილიჩდაროღლუმ – 44,88%.