თბილისი, 28 მაისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წელს გააძლიერა კონტროლი საქართველოში ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველ უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე, ნათქვამია უწყების ანგარიშში.
2022 წელს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ვიზიტორების ნაკადი გააქტიურდა. მთლიანობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5,4 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აქედან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, მათ საქართველოში ჩამოსულთა საერთო რაოდენობის 23,3% შეადგინეს. პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეებიც.
„არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა შესაბამისი კონტრდაზვერვითი საქმიანობა. აღნიშნული პროცესი წარმართული იყო საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლისა და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვების სუვერენული უფლებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტმა დამატებითი გამოწვევები შექმნა საქართველოს უსაფრთხოებისთვის და გაზარდა ზეწოლა ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
„2022 წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დეპარტამენტის ხელთ არსებული, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2022 წელს ცალკეული სახელმწიფოს ასობით მოქალაქეს შესვლაზე უარი ეთქვა.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის გამოვლინდნენ უცხოელები, რომლებიც საქართველოში პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოსთვის დამაზიანებელ მოსაზრებებს.
ასევე, სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით სპეციალური კონტროლის ქვეშ იქნა მოქცეული უცხოელების მიერ საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები.
„საანგარიშო პერიოდში სამსახურმა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მინიჭების მიზანშეწონილობა განიხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების 53 000-ზე მეტ საქმეზე. საქართველოს მოქალაქეობის სხვადასხვა წესით მინიჭებასთან (მათ შორის, შენარჩუნება/აღდგენასთან) დაკავშირებით, განხილული იყო დაახლოებით 22 000 საქმე“, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე განაცხადების განხილვის ფარგლებში გამოვლინდა სასაზღვრო კონტროლის ქვეშ ან საერთაშორისო ძებნილთა სიაში მყოფი პირები.
წყარო - სუსის ანგარიში