თბილისი, 28 მაისი - Sputnik. ქართველი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და მეცნიერი ლაშა ბაქრაძე პოპულარულ გერმანულ დეტექტიურ სერიალში Tatort („დანაშაულის ადგილი“) გადაიღეს. ამის შესახებ ბაქრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
სერიალი 1970 წლიდან გადის გერმანულენოვანი არხების ეთერში და ყველაზე ხანგრძლივი გერმანული სერიალია.
„ეს სერიალი ალბათ ყველაზე პოპულარულია გერმანიაში. იყო დრო, როცა ქუჩები ცარიელდებოდა, როცა „ტატორტ” გადიოდა და ფეხბურთის ტრანსლაციებს უწევდა კონკურენციას“, - წერს ბაქრაძე.
სერიალში ლაშა ბაქრაძე მაფიის ბოსის როლს თამაშობს.
გერმანულ სერიალში ასევე თამაშობენ ქართველი მსახიობები თემიკო ჭიჭინაძე და მარიამ ავალიანი.
ახალი სეზონის პრემიერა ორშაბათს, გერმანიის პირველ არხზე, ასევე ავსტრიისა და შვეიცარიის ტელეარხებზე შედგება.