თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი და იმუნური ფენის ჩამოყალიბებისთვის უფრო საიმედოა, რომ ინფექციის მსუბუქი შემთხვევები ბავშვმა გადაიტანოს, რადგან მოზრდილობის ასაკში უფრო დაცული იქნება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩუტყვავილის შემთხვევების მატება საქართველოში გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნა, რაც გარკვეულწილად უკავშირდება პანდემიის მიმდინარეობას, რომელმაც შეცვალა რესპირაციული გზით გადაცემადი ინფექციების ტრაექტორია და ტენდენციები.
„ჩუტყვავილის ვაქცინაცია რუტინულ კალენდარში როგორც ჩვენს, ასევე ბევრ ქვეყანაში არ შედის, რადგან ამ ვაქცინაციას თავისი წესები აქვს და ითვლება, რომ ბავშვობის ასაკში გადატანილი ინფექცია უფრო ხშირად არის მსუბუქი მიმდინარეობის“, - აღნიშნა გაბუნიამ
მისივე განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ ჩუტყვავილის მიმართ იმუნიტეტი მყარი არ რჩება და ამან მოზრდილ ადამიანში, შესაძლოა, შექმნას ინფიცირების რისკები, რაც არის განსაკუთრებით საფრთხილო.
„ამიტომ მთავარია, ბავშვი, თუ მას ჩუტყვავილა აქვს, იყოს ოჯახისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ოჯახის ექიმი ოდნავ თუ მაინც შენიშნავს სიმპტომების დამძიმების რისკებს, უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. ინფექციონისტი გადაწყვეტს ბავშვის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას. უმეტეს შემთხვევებში ჩუტყვავილა მიმდინარეობს მსუბუქად“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია ასევე შეეხო წითელას აცრებსაც და აღნიშნა, რომ წითელას იმუნიზაციის მაჩვენებელი გარკვეულწილად კოვიდის პერიოდში გაუარესდა, თუმცა გასულ წელს მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა, რათა ეს მაჩვენებელი დაბრუნებოდა პანდემიამდელ პერიოდს.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წითელას იმუნიზაციისთვის მშობლებმა მიიყვანონ ბავშვები სამედიცინო დაწესებულებებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვმა გამოტოვა წითელას ვაქცინის დოზა, დროულად მოხდეს მისი ვაქცინაცია“, -აღნიშნა გაბუნიამ.
დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 5 წლის ასაკის 10 ათასი ბავშვი, რომელიც წითელაზე აუცრელია. შედარებისთვის, 100.000 ჩუტყვავილით ინფიცირებულ პირზე ერთი ლეტალური შემთხვევა მოდის, წითელას შემთხვევაში კი 3000 შემთხვევაზე ერთი ლეტალური გამოსავალია.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებს ორჯერ უტარდებათ – ერთი წლის ასაკში და ხუთი წლის ასაკში. ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, წესით ორჯერ უნდა იყოს აცრილი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000 წლიდან 2017 წლამდე წითელაზე ვაქცინაციის შედეგად წითელათი გამოწვეული გლობალური სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა.